აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო
თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი 2026 გაიმართა
თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი 2026 გაიმართა
ბათუმის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი 2026, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრთან დენის სალუქვაძესთან ერთად დაესწრო.
ღონისძიებას ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და ბათუმის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალს განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა აქვს. მისი მიზანია რეგიონში მეთევზეობისა და აკვაკულტურის დარგების პოპულარიზაცია და მათი განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნული მიმართულებები აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, აღნიშნა მინისტრმა დენის სალუქვაძემ.
ფესტივალი მრავალფეროვანი პროგრამით იყო დატვირთული და მოიცავდა კულინარიულ და გასტრონომიულ აქტივობებს, თევზის კვებითი ღირებულების შესახებ საინფორმაციო პრეზენტაციებს, სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის მასტერკლასებს, ასევე სხვა საინტერესო ღონისძიებებს.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ფერმერული მეურნეობები, თევზისა და ზღვის პროდუქტების რეალიზაციაში ჩართული ფიზიკური პირები, რესტორნები, პროფესიული სასწავლო კოლეჯები და სხვა ორგანიზაციები.
ფესტივალის მხარდამჭერები იყვნენ აჭარის მთავრობა, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, ხელვაჩაურის კულტურის ცენტრი და ბათუმის ბულვარი. ღონისძიების ორგანიზატორი იყო „ორგანული აკვაკულტურის ასოციაცია „ფორეჯი““.