აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო
სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს გაწეული საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა
სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს გაწეული საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრ დენის სალუქვაძესთან ერთად, სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა, მოისმინა მათ მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში და სატყეო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ახალი ინიციატივები და მათი განხორციელების პერსპექტივები, რომლებიც ტყის რესურსების მდგრადი მართვის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო სატყეო სექტორის განვითარებისა და ტყის მდგრადი მართვის მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. სააგენტომ ტყის მდგრადი მართვის, ეკოსისტემების დაცვისა და სატყეო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა. სააგენტომ ტყის ინვენტარიზაციის ფარგლებში საველე და კამერალური სამუშაოები ჩაატარა, ასევე გაატარა ტყის მავნებლებსა და დაავადებებთან ბრძოლისა და ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებები.
„სატყეო მიმართულება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე განსაკუთრებით ჩვენი რეგიონისთვის. მწვანე საფარის შენარჩუნება, მოვლა და განვითარება, მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია და პრევენცია არის ის მთავარი ამოცანები, რომლებსაც სატყეო სააგენტოს თანამშრომლები ღირსეულად ასრულებენ. დღეს დავათვალიერეთ სპეციალიზებული ტექნიკა, რომელიც გააძლიერებს კონტროლს და ხელს შეუწყობს სააგენტოს ეფექტიან მუშაობას. მოსახლეობასთან ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებასა და განვითარებაზე“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
„ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ გარემოსდაცვითი პროექტების მხარდაჭერას, თანამედროვე მიდგომების დანერგვასა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას.
დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ არსებული გამოწვევების წარმატებით დაძლევას და ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც ჩვენი მოსახლეობისთვის კიდევ უფრო კომფორტული, უსაფრთხო და ჯანსაღი იქნება“, - განაცხადა შეხვედრაზე აჭარის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დენის სალუქვაძემ.
ტყის მართვის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით გაგრძელდა ახალი სატყეო-სამეურნეო გზების მოწყობა და არსებული გზების რეაბილიტაცია. პარალელურად, განხორციელდა ტყის აღდგენისა და განახლების, ასევე სანერგე მეურნეობის განვითარების ღონისძიებები. სააგენტო განაგრძობს ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებას. მიმდინარეობს სპეციალიზებული ტექნიკისა და აღჭურვილობის განახლება, რაც სატყეო საქმიანობის ეფექტიანობას კიდევ უფრო გაზრდის.
ინფრასტრუქტურული განვითარების ფარგლებში მიმდინარეობს თანამედროვე ტექნიკური ბაზისა და ახალი სანერგე მეურნეობის მოწყობა. ასევე დაწყებულია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მოსამზადებელი სამუშაოები, რაც ეკოტურიზმის განვითარებასა და ტყის რესურსების მდგრად გამოყენებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრის დასასრულს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, მინისტრთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა სატყეო სააგენტოს ბალანსზე არსებული ტექნიკა და ტექნიკური აღჭურვილობები.
შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.