აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო
.webp)
ფერმერების საქმიანობას მინისტრი გაეცნო
აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა დენის სალუქვაძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტში სამინისტროს პროგრამის „სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში დაფინანსებული სათბურები, მეციტრუსეობის და მეფუტკრეობის მიმართულებები, ასევე გაშენებული მოცვის ბაღი დაათვალიერა და ბენეფიციარების საქმიანობას ადგილზე გაეცნო.
„2026 წლის მიმდინარე პროგრამები სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მხარდაჭერილი საოჯახო მეურნეობები ეტაპობრივად ვითარდება, ზრდის წარმოებას და ადგილობრივ მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი შრომით შექმნას დამატებითი შემოსავალი და გააძლიეროს ეკონომიკური მდგომარეობა.
ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების ზრდას, ახალი შესაძლებლობების შექმნას და სოფლის მეურნეობის განვითარებას აჭარის მუნიციპალიტეტებში“, - განაცხადა მინისტრმა ფერმერებთან შეხვედრისას.
პროგრამის მიზანია საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი წარმოების გაძლიერება, მოსახლეობის შემოსავლებისა და დასაქმების ზრდა, თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების დანერგვა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების გაზრდა.
დღეის მდგომარეობით, პროგრამის თანადაფინანსებით უკვე ისარგებლა 2000-მეტმა ფერმერმა. პროგრამა წლის ბოლომდე გაგრძელდება და მისი ფარგლებში თანადაფინანსებას ჯამში 4 000-მდე ბენეფიციარი მიიღებს.
ზემოთ აღნიშნულ ღონისძიებებს ასევე ესწრებოდნენ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ფრიდონ ფუტკარაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ცეცხლაძე, მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს პროგრამების განხორციელების დეპარტამენტის უფროსი ჯამბულ აბულაძე და სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი დეპარტამენტის უფროსი ლევან ბოლქვაძე.