აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო
.webp)
ფერმერის დღე 2026
„ფერმერის დღე 2026“, რომელსაც თბილისის ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა უმასპინძლა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გახსნეს.
ფერმერის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე დაესწრო.
ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება და მიზნად ფერმერებისა და აგრობიზნესის წარმომადგენლების საქმიანობის წარმოჩენას, მათი მნიშვნელოვანი როლის ხაზგასმას და სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობას ისახავს.
„ფერმერის დღე 2026“-ის ფარგლებში, ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ქართული აგროსექტორის მრავალფეროვან პროდუქტებს. სპეციალურად მოწყობილ პავილიონებში ფერმერებმა და აგრობიზნესის წარმომადგენლებმა საკუთარი წარმოება წარმოადგინეს და სტუმრებს ადგილობრივი აგროსასურსათო პროდუქციის მრავალფეროვნება გააცნეს.
სტუმრებს ასევე შეეძლოთ, სამინისტროს უწყებების წარმომადგენლებისგან მიეღოთ ინფორმაცია ფერმერებისა და აგრობიზნესისთვის ხელმისაწვდომი აგროსერვისებისა და მხარდაჭერის მექანიზმების შესახებ.
„ფერმერის დღის“ პროგრამა სხვადასხვა საინტერესო აქტივობას აერთიანებს. პროფესიონალი შეფების მონაწილეობით ტარდება კულინარიული მასტერკლასები, ხოლო ბავშვებისთვის სპეციალურად მოწყობილ სივრცეში შემეცნებითი და გასართობი აქტივობები მიმდინარეობს.
ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი აგროსექტორის წარმომადგენლების დაჯილდოება იყო. სპეციალური ჯილდოები გადაეცათ იმ ფერმერებსა და აგრობიზნესის წარმომადგენლებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სოფლის მეურნეობის განვითარებაში.