საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

image
სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია იმართება
image

ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია იმართება

ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში თბილისში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია იმართება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნეს.
 
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) გენერალურმა დირექტორმა ჯონ ბარკერმა მიმართეს. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქართული ვაზის უნიკალური ჯიშების შესწავლისა და აღდგენის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ბიძინა ივანიშვილს, რომლის მხარდაჭერითაც სამინისტროს ბაზაზე კვლევითი ცენტრი ფუნქციონირებს.
 
ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე დაესწრო.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ მსოფლიო ღვინის სექტორის მდგომარეობას, არსებულ გამოწვევებს, ბაზრების სპეციფიკას, ასევე ევროპის, აზიისა და აშშ-ის საექსპორტო ბაზრებს და აღნიშნულ ბაზრებზე დამკვიდრების გზებს. ასევე გაიმართება დისკუსია „საქართველო - ღვინის ცივილიზაციის სამშობლო“, რომელსაც „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის“ ხელმძღვანელი, პროფესორი დავით მაღრაძე და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი, აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე გაუძღვებიან.
 
კონფერენციის მუშაობაში საქართველოს ღვინის ინდუსტრიისა და სამეცნიერო წრის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობენ ღვინის სექტორში მოღვაწე უცხოელი პროფესიონალები, მათ შორის ჯონ ბარკერი, სტივენ ბატიუკი, გაბრიელე კოლა, გერგელი სოლნოკი, ღვინის მაგისტრები დებრა მეიბურგი, ლისა პეროტი და კონსტანტინ ბაუმი, ასევე ღვინის ექსპერტი და მწერალი რობერტ ჯოზეფი და სხვა საერთაშორისო სტუმრები.
 
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართული ღვინის, როგორც ქვეყნის იდენტობისა და უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენის მიზნით, საქართველოში 8 მაისი პირველად აღინიშნება როგორც ღვინის ეროვნული დღე. ინიციატივა მიზნად ისახავს ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციების პოპულარიზაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე.
 
ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში გუდიაშვილის მოედანზე გაიმართება ღვინის დეგუსტაციები და ქართული ღვინის 8000-წლიან ისტორიასთან დაკავშირებული შემეცნებითი აქტივობები. ღვინის ეროვნული დღის აღნიშვნა კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მუსიკალურ-თეატრალური წარმოდგენით დასრულდება.