აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო
.webp)
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო
მინისტრი ქედის მუნიციპალიტეტში მევენახე ფერმერებს შეხვდა
მინისტრი ქედის მუნიციპალიტეტში მევენახე ფერმერებს შეხვდა
აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე ქედის მუნიციპალიტეტში მევენახე ფერმერებს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი მიზანი რთველისთვის მზადების პროცესის განხილვა და მისი ორგანიზებულად, შეუფერხებლად ჩატარების ხელშეწყობა იყო. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ყურძნის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის საკითხებზე, ასევე ფერმერების საჭიროებებსა და მოსავლის სეზონზე არსებულ გამოწვევებზე.
მინისტრმა მევენახეებს რთველის წარმატებით ჩატარებისთვის საჭირო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფერმერებთან კოორდინირებული მუშაობა, რათა მოსავლის აღებისა და ჩაბარების პროცესი ორგანიზებულად წარიმართოს.
„მევენახეობა ქედის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ფერმერებს რთველის პერიოდში მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ, რათა მათ მიერ მოყვანილი მოსავალი დროულად და ორგანიზებულად ჩაბარდეს. მნიშვნელოვანია თითოეული ფერმერის საჭიროების მოსმენა და არსებული საკითხების ერთობლივად გადაწყვეტა. ჩვენ გავაგრძელებთ ფერმერებთან აქტიურ კომუნიკაციას და მათ მხარდაჭერას“, – განაცხადა დენის სალუქვაძემ.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა მევენახე ფერმერების საკარმიდამო ნაკვეთებიც მოინახულა, ადგილზე გაეცნო ვენახების მდგომარეობას, მოსავლის ხარისხსა და ფერმერების წინაშე არსებულ საჭიროებებს.
დღის ბოლოს დენის სალუქვაძე ყურძნის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმო KTW-ში იმყოფებოდა, სადაც რთველის ფარგლებში ყურძნის მიღებისა და გადამუშავებისთვის მზადების პროცესს გაეცნო.
აჭარაში ვენახების საერთო ფართობი 180 ჰექტარს შეადგენს, მათ შორის, ქედის მუნიციპალიტეტში - 82 ჰექტარს. აქედან ჩხავერის ჯიშის ყურძნის ვენახებს 20 ჰექტარი უკავია.
მიმდინარე წელს სამინისტროს პროგრამით 400-მდე მევენახე ფერმერი ისარგებლებს. პროგრამის თანადაფინანსება 800 000 ლარს შეადგენს. პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსდება საოჯახო ღვინის წარმოებისთვის საჭირო ინვენტარისა და მოწყობილობების შეძენა.
ქედაში მინისტრთან ერთად ასევე, იმყოფებოდნენ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ფრიდონ ფუტკარაძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს პროგრამების განხორციელების დეპარტამენტის უფროსი ჯამბულ აბულაძე და სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი დეპარტამენტის უფროსი ლევან ბოლქვაძე