საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

image
სოფლის მეურნეობის სამინისტრო
„მინისტრის საათის“ ფარგლებში, აჭარის უმაღლეს საბჭოში სამინისტროს საქმიანობის ანგარიშით წარდგა
image

„მინისტრის საათის“ ფარგლებში, აჭარის უმაღლეს საბჭოში სამინისტროს საქმიანობის ანგარიშით წარდგა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, დენის სალუქვაძე, „მინისტრის საათის“ ფარგლებში, აჭარის უმაღლეს საბჭოში სამინისტროს საქმიანობის ანგარიშით წარდგა.
 
„როგორც მთავრობის თავმჯდომარემ სამთავრობო გეგმის წარდგენისას აღნიშნა, ჩვენი გუნდის მიზანია, სოფლის მეურნეობა არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის, არამედ რეგიონული განვითარების, აგროტურიზმის, სასურსათო უსაფრთხოების, დასაქმებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად იქცეს. ამ ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ადგილობრივი წარმოების გაძლიერება და კონკურენტუნარიანი აგროსექტორის ფორმირება. სწორედ ამიტომ, სამინისტროს პროგრამები სულ უფრო მეტად ორიენტირდება არა მხოლოდ პირველადი წარმოების მხარდაჭერაზე, არამედ ღირებულებათა სრული ჯაჭვის განვითარებაზე წარმოებიდან - გადამუშავებამდე, შენახვიდან - რეალიზაციამდე“- განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დენის სალუქვაძემ.
 
გასულ წელს სამინისტროს ბიუჯეტი 86%-ით შესრულდა, ხოლო 2026 წელს უწყების ფინანსური დოკუმენტი 11%-ით გაიზარდა და 40.9 მლნ ლარს შეადგენს. სამინისტრო ჯამში 16 პროგრამასა და 13 ქვეპროგრამას ახორციელებს.
 
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, 2025 წლის წელს განახორციელა საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა. პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსებით, 7000-მდე ფერმერს გადაეცა სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა.
 
8000-მდე ფერმერს, სხვადასხვა დარგის მიხედვით, საველე პირობებში ჩაუტარდა სწავლება კონსულტირება. მეფუტკრეობის დარგის განვითარების მიზნით, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მეფუტკრე ფერმერებს გადაეცა 2000 სკა.
 
ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ექსპორტირებული იქნა 27 000 ტონაზე მეტი სტანდარტული მანდარინი, რომლის ღირებულებამ 43 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ასევე, გადამუშავდა 14 000 ტონაზე მეტი არასტანდარტული მანდარინი, რისთვისაც გაიცა 5 მილიონ ლარამდე სუბსიდია.
 
სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარდა 8 სარწყავ არხს, რამაც მომსახურება გაუწია 600-მდე ადგილობრივ მოსახლეს.
 
მებოსტნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შუახევის საჩითილე მეურნეობაში წარმოებული იქნა 3 მილიონზე მეტი ბოსტნეულის ჩითილი, რითაც ისარგებლა 15 000-მდე ფერმერმა.
150 ფერმერზე გაიცა მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნერგები, რომლებიც გაშენდა 36 ჰექტარ ფართობზე.
სამინისტრომ 2025 წელს ჯამში განახორციელა 16 პროგრამა და 13 ქვეპროგრამა, რომლითაც ისარგებლა 29 000-მდე ფერმერმა.