აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო

შავი ზღვის თაფლის ფესტივალი 2026 გაიმართა
ბათუმში „შავი ზღვის თაფლის ფესტივალი 2026“ გაიმართა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან და აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრთან, დენის სალუქვაძესთან ერთად დაესწრო.
მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ფერმერების მხარდაჭერაზე, ქართული თაფლის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მთავრობის ხელშეწყობით, 2026 წელს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, მეფუტკრეობის მიმართულებით სხვადასხვა პროექტი ფინანსდება და მიმდინარეობს ფერმერების თანადაფინანსებაც. ასეთი ღონისძიებების ორგანიზება კი დამატებითი ბერკეტია მეფუტკრეების შესაძლებლობების გაზრდისა და მოტივაციის გაძლიერებისთვის.
აჭარაში მეფუტკრეობას მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. ჩვენი რეგიონის უნიკალური ბუნებრივი პირობები შესაძლებლობას გვაძლევს, ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის და კონკურენტუნარიანი პროდუქცია. სწორედ ამიტომ, მსგავსი ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფერმერებისთვის ისინი მომხმარებელს უშუალოდ აცნობენ საკუთარ პროდუქციას, ქმნიან ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს და ზრდიან ქართული თაფლის ცნობადობას.
ჩვენი სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს მეფუტკრეებისა და სოფლის მეურნეობის სხვა დარგებში ჩართული ფერმერების მხარდაჭერას. დარწმუნებული ვარ, ქართული თაფლი კიდევ უფრო დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.“- განაცხადა დენის სალუქვაძემ.
ფესტივალი აჭარის მეფუტკრეობის ბიზნესასოციაციის ორგანიზებით, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსა და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით ჩატარდა.
ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა 40-ზე მეტმა მეფუტკრემ წარმოადგინა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ და შეეძინათ აჭარის სხვადასხვა კუთხესა და საქართველოს სხვა რეგიონებში წარმოებული სხვადასხვა სახეობის თაფლი და ფუტკრის სხვა პროდუქტები.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე და მინისტრის მოადგილეები.